რექტორის მოვალეობის შემსრულებელთა პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშვნა დროებითი ინტერვენციაა, - ამის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა.
მისი განმარტებით, "ეს ის მოკლევადიანი ინტერვენციაა, რომლის დროსაც უნივერსიტეტები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ძირეული რეფორმისთვის უნდა მომზადდეს. სანიკიძის განცხადებით, რეფორმაზე დიდი ჯგუფი მუშაობს - უნივერსიტეტების ჩათვლით და მიზანი უნივერსიტეტების რეალური ავტონომიურობაა.
"დღესდღეობით რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ირჩევს. არის თუ არა რაიმე კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ამას საბჭო აკეთებს? - პასუხია - არა! შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ არ შეიძლება დავაწესოთ კრიტერიუმი და არ წავიდეთ შორს და პრემიერს არ ვთხოვოთ, რომ დაგვინიშნოს მოვალეობის შემსრულებელი. როგორც კი კრიტერიუმი დაწესდება, ეს უკვე სასელექციო პროცესში გადავა. ეს ნიშნავს კონკურსს. კონკურსს სჭირდება დრო. ამ დრიოს განმავლობაში ორგანიზაცია არის ხელმძღვანელის გარეშე. ამ შემთხვევაში ვინც არის პასუხიმგებელი, ესაა ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი. ეს არის მთავრობა, ამ შემთხვევაში მთავრობა წარმოდგენილია პრემიერის მიერ. მას მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატს წარუდგენს მინისტრი და დანიშნავს მოვალეობის შემსრულებლად", - განაცხადა თამარ სანიკიძემ დეპუტატების კითხვების პასუხად.