ლატვიის სამხედრო ატაშემ, რომელსაც საქართველოში საგზაო შემთხვევა მოუვიდა, პოლიციასთან ითანამშრომლა და ინციდენტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისი თქმით, უწყება ინფორმირებულია ყველაფრის შესახებ, რაც მოხდა. "სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის გამოც დაზიანდა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი გიორგი ხაჭაპურიძე. იგი მოთავსებულია მცხეთის ჰოსპიტალში. ასეთ დროს, როდესაც დიპლომატს მოსდის საგზაო შემთხვევა, არსებობს საერთაშორისო ნორმები და საერთაშორისო პროცედურები, რომელიც დარეგულირებულია ვენის კონვენციის მიერ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლატვიელმა დიპლომატმა ითანამშრომლა პოლიციასთან. გარდა ამისა, ის ოთხჯერ იყო უკვე ჰოსპიტალში და მოინახულა დაზარალებული, რომლის მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო პირველ დღეს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, დღეს უწყებაში მასთან იმყოფებოდა საქართველოში ლატვიის ელჩი და ამ თემაზე ვრცელი საუბარი გაიმართა. ფანჯიკიძის განცხადებით, ლატვიის მხარე აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რაც არის მის შესაძლებლობებში, რომ "ეს დანაკლისი, ზარალი იყო მინიმალური". "ლატვიის შესაბამისი უწყებები რასაკვირველია ამ ფაქტს მიაქცევენ იმ ყურადღებას, რომელიც უნდა მიექცეს. რაც შეეხება გამოძიებას, თავდაცვის ატაშე თანამშრომლობს და გამოძიება აჩვენებს, რა მოხდა სინამდვილეში. ამის შემდეგ შეგვეძლება გამოვიტანოთ დასკვნები", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.