საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების კუთხით რუსეთთან თანამშრომლობის პოტენციალს ხედავს.
ასე გამოეხმაურა ფანჯიკიძე ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებებს.
"ჩვენ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე პოზიტური ნაბიჯი გადავდგით და ამას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ვადასტურებ, რომ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის პოტენციალს. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის განცხადებას წითელი ხაზების არსებობის თაობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაც ესმის ის ფაქტი, რომ წითელი ხაზები საქართველოსთვისაც არსებობს და ამათში არაფერი შეცვლილა. საქართველოსთვის წითელი ხაზები არის ქვეყნის ოკუპაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და ამას ჩვენი ქვეყანა არასოდეს შეეგუება. საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა გარკვეულწილად რაღაც სფეროებში დათბობისკენ მიდის, ჩვენ ყოველთვის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.