სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა ლევან გოგიჩაიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის წინააღმდეგ ცილისწამების ფაქტზე სამოქალაქო სარჩელი შეიტანა.
გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ტელევიზიით გაკეთებული იმ განცხადებების გამო უჩივის, რომელიც ჩიორა თაქთაქიშვილმა რესტორან LA TRUFFE-ში მომხდარი ფაქტის შემდეგ გააკეთა.
გოგიჩაიშვილის განცხადებით, ინციდენტში მონაწილეებად თაქთაქიშვილმა ყოფილი პოლიტპატიმრები დაასახელა, რაც ცილისწამებაა.„მან განაცხადა თითქოს ინციდენტში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანები, მან ასევე გვიწოდა კრიმინალები და ბანდიტები, ჩიორამ იცრუა და ამის გამო მას მოუწევს პასუხის გაცემა. მან შელახა პირადად ჩემი პატივი და ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია“, -განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ყოფილი პოლიტპატიმრის ვახტანგ მაისაიას თქმით კი თაქთაქიშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის გამონათქვამებზე.„თუ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში, ყველამ პასუხი უნდა აგოს თავის გამონათქვამებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩიორა, ყვავი თუ მტრედი“, -აღნიშნა მაისაიამ.თავად დეპუტატმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.