საპარლამენტო უმცირესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესში, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, წარმოდგენილი 35 კანდიდატურიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" უმრავლესობას კონსულტაციების გასამართად 10 კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა კონსულტაციებზე და შეთანხმებაზე.
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ვენეციის კომისიისა და საქართველოს სხვა პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ფორმულის თანახმად, უმრავლესობას იუსტიციის საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. კონსულტაციის მიზანს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შეთანხმებით არჩევა წარმოადგენდა. "ნაციონალური მოძრაობა" მზად იყო მხარი დაეჭირა უმრავლესობისთვის სასურველი ნებისმიერი ოთხი კანდიდატურისთვის იმ შემთხვევაში თუ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, შეთანხმება ორ კანდიდატურაზე მოხდებოდა, რომელთა ასარჩევად აუცილებელია ხმათა ორი მესამედი", - განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტრატებმა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ყურადღებას იმსახურების "ქართული ოცნების" სასურველი კანდიდატების პოლიტიკური ანგაჟირებულობის საკითხი, რაც წინააღმდეგობაში მოდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის აუცილებელ, კანონმდებლობით დადგენილ მიუკერძოებლობის კრიტერიუმთან.
"მაგალითად შეიძლება მოყვანილ იქნეს ევა გოცირიძე, რომელიც მუშაობდა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის იურიდიულ ფირმაში, სადაც იღებდა ანაზღაურებას, ხოლო კახა სოფრომაძე იყო "ქართული ოცნების" პარტიული აქტივისტი. ნიშანდობლივია, მას შემდეგ ჟურნალისტებმა მოიპოვეს "ქართული ოცნების" მიერ შერჩეული 6 პიროვნების სია, ხუთმა პიროვნებამ მოხსნა კანდიდატურა. ამავე დროს, "ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული იყო იურიდიული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და პოლიტიკურად არააფილირებული პიროვნებები, როგორებიც არიან ზურაბ ძლიერიშვილი (წარდგენილია "საერთაშორისო გამჭვირვალეობის" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ), მაია სულხანიშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, გიორგი გოგიაშვილი სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იმედა დვალიძე "ადვოკატთა ასოციაციის" წევრი, დავით კერესელიძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი დეკანი (ასევე მხარდაჭერილი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ)", - აცხადებენ "ნაციონალები".
ისინი წუხილს გამოთქვამენ, იმასთან დაკავშირებით, რომ "უმრავლესობას არც ამჯერად აღმოაჩნდა მზაობა კომპრომისის, დიალოგის და დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდაჭერისათვის".