საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნის პოსტი ოპოზიციისთვის განკუთვნილი აღარ იქნება. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტით , რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, კოდექსიდან ის ნორმები ამოდის, რომელიც კომისიებში მდივნის თანამდებობას ოპოზიციური გაერთიანებებისთვის განსაზღვრავდა.
კერძოდ, ჯერ კიდევ მოქმედი "საარჩევნო კოდექსით" საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან, გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა. კანონი საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლებას სწორედ კომისიის იმ წევრებს აძლევს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის მიერ არ არიან დანიშნულნი.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, კოდექსიდან შესაბამისი მუხლები ამოდის, ხოლო მდივნის დანიშვნა იმ წესით მოხდა, როგორც კომისიის თავმჯდომარეები და მისი მოადგილეები ირჩევიან. კერძოდ, პროექტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და ასევე კომისიის მდივანს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან საუბნო საარჩევნო კომისია აირჩევს. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ ორ წევრს.