უმცირესობის წევრმა გოგი ოჩიაურმა საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთისა და საკუთარი ლიდერის სიძულვილში დაადანაშაულა. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ოჩიაურმა განაცხადა, რომ "ქართველი ერი ვეღარ წავა იმ კომუნისტურ და დეგენერატული სივრცისკენ, საითკეც მათ მმართველი გუნდი მიერეკება".
"უმრავლესობა ძალიან დაჩქარებული ტემპით, ენერგიულად ცდილობს სახელმწიფოს მომავალი კომუნისტურ-სოციალუსტური განვითარების გზით წაიყვანოს. დეკლარაციული განცხადებები დასავლეთისკენ სვლის შესახებ, მხოლოდ უსუსური ტყუილია, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. მთვარია მოქმედება, თუ საით მიდიხარ და არა - დეკლარაცია. ბევრი ნიშანია, რაც კომუნიზმთან თქვენს მსგავსებაზე მიუთითებს. ყველაზე თვალშისაცემი რაც პარლამენტში თქვენი მოსვლიდან დამკვიდრდა, არის მძაფრი სიძულვილის ატმოსფერო არა მოწინააღმდეგის, არამედ, პირველ რიგში, ერთმანეთისადმი. ასეთი სიძულვილი, როგორიც თქვენ ერთმანეთის მიმართ გაქვთ, დაუშვებლად მიმაჩნია. მოვისმინეთ ჩანაწერები - ერთმანეთის დედის გინება, ლიდერისადმი სიძულვილი.
ფარისევლურად, როცა ლიდერს დეკლარაციულად იცავთ და ზურგს უკან აგინებთ, არის ამაზრზენი და ძალიან ჰგავს ბოლშევიკურ ქცევებს. არც ერთ სოციალუსტურ წყობას ოპონენტი არ ჰყოლია. მთელი ოპოზიცია იოსებ ჯუღაშვილმა ფიზიკურად გაანადგურა, არავინ ცოცხალი მას არ დაუტოვებია. ჯერჯერობით, თქვენ მარტო ლანძღთავთ, ასევე მოიქცა ჰიტლერი, მაო ძედუნი", - განაცხადა გოგი ოჩიაურმა.
მის ამ განცხადებას დეპუტატთა ნაწილი უმრავლესობიდან ღიმილით, ნაწილი- ტაშით, ნაწილი კი ადგილებიდან საპროტესტო შეძახილებით შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობას სთხოვა, ხმაური შეეწყვიტათ და გოგი ოჩიაურისთვის განცხადების დასრულების შესაძლებლობა მიეცათ.