საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის ატაშე, ხუან-ხოსე ეჩანოვე იმედოვნებს, რომ დაუყოვნებლივ გაირკვევა სიტუაცია , რამაც დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია, - ამის შესახებ ეჩანოვემ ჟურნალისტებს ევროკავშირისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ახალი სამწლიანი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
"მინდა, გამოვყო დავით კირვალიძის როლი იმ პოზიტიურ ცვლილებებში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს და ჩვენ იმედი გვაქვს, დაყოვნების გარეშე გაირკვევა ის სიტუაცია, რამაც მისი გადადგომა განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია კალაპოტში მალე ჩადგეს და ეს ყველაფერი გამჭვირვალედ, ყოველგვარი წნეხის გარეშე მოხდეს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის ატაშემ.
ევროკავშირისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული ახალი სამწლიანი პროექტის პრეზენტაცია დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა.