დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს ნამდვილად არ ვნახავთ გამოქცეულს, როგორც მთავარსარდალი ვიხილეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არც გაბედულობას და არც პრინციპულობას უჩივის.
"ის ავღანეთშიც ჩავა და ქართველ ჯარისკაცებსაც შეხვდება, მაგრამ პირდაპირ ეთერში არ დასვამს იმ ჯარისკაცებს და არ მოთხოვს მათ მოუყვნენ თუ რამდენი მოწინააღმდეგე ჰყავთ განადგურებული და რამდენი ადამიანი არის მათი ხელით გარდაცვლილი. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენ ქვეყანაში განმეორდეს 2008 წლის აგვისტო, მაგრამ თუკი რაიმე საფრთხე შეექმნება ქვეყანას რაიმე ფორმით, მე დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს არ ვნახავთ იმ გამოქცეულ მდგომარეობასა და ფორმაში, როგორშიც ჩვენი მთავარსარდალი ვიხილეთ", - აღნიშნა ბესელიამ.
მან საკუთარ გამოსვლაში წინა ხელისუფლების დროს არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ოპოზიციას რამდენიმე ფაქტი შეახსენა.
მისივე თქმით, 9 წლის განმავლობაში რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი ყველა ბიზნესის წილში იყო და უკანონოდ მონაწილეობდა ყველაფერში, მათ მთელი ბიზნესი ტერორის ქვეშ ჰყავდათ.
ამასთან, იგი თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის პრეზიდენტის მსხვერპლი იყო.
"ჩვენ ქვეყანა უმძიმესი რეალობით ჩავიბარეთ, მაგრამ ვალდებულებებით, რომელსაც ახალი ხელისუფლება, რასაკვირველია, შეასრულებს. ყველაფერს შევასრულებთ, დაწყებული თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოთი და ამას თქვენ ყველაფერს ჩვენთან ერთად ნახავთ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.