ვრცელდება ინფორმაცია იმ ექვსი პირის შესახებ, რომელთა მხარდაჭერასაც საპარლამენტო უმრავლესობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე აპირებს.
"ინტეპრესნიუსის" ინფორმაციით, ესენი არიან - ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, ეკა გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, გოჩა მამულაშვილი და კახა სოფრომაძე.
გოცირიძის კანდიდატურა განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა წარუდგინა, თორდიას კანდიდატურა საზოგადოებრივი პროგრამების ფონდმა, გასიტაშვილის - ადვოკატთა ასოციაციამ, ბაქაქურის - თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მამუკაშვილის - კავკასიის უნივერსიტეტმა, სოფრომაძე კი - თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ.
გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს იური ტაბუციძემ, იმედა დვალიძემ, ზაურ გურგენიძემ, ზურა ძლიერიშვილმა და ჯემალ გახოკიძემ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის პარლამენტს 45 კანდიდატურა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის პოზიციაზე 5 კანდიდატურა წარედგინა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრების დამტკიცების საკითხი საკანონმდებლო ორგანოში დღეს გადის. პარლამენტი ასევე ამტკიცებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორ წევრს.
პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ახალი წესით დაამტკიცებს.
მათ ასარჩევად პირველ ტურში საჭიროა 2/3 ქვორუმი, თუ კანდიდატები ამ რაოდენობის ხმას ვერ მიიღებენ, ტარდება მეორე ტური, სადაც ხმათა უმრავლესობით შესაძლებელია 4 წევრის დამტკიცება, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან შერჩეული ორი კანდიდატი 2/3 ქვორუმით უნდა იყოს აუცილებლად დამტკიცებული.