IDS Borjomi Russia: მოსკოვში

IDS Borjomi Russia: მოსკოვში "ბორჯომზე" მაღალი მოთხოვნაა

მოსკოვში „ბორჯომის“ გაყიდვები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და პროდუქტი თაროებზე მოხვედრისთანავე იყიდება. ამის შესახებ commersant.ge–ს რუსეთში მინერალური წყლის ექსკლუზიურ დისტრიბუტორ–კომოანია IDS Borjomi Russia–ში განუცხადეს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ოლგა ჩიტაიას თქმით, „ბორჯომის“ გაყიდვები რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე წლის 30 მაისიდან დაიწყო და ამ ეტაპზე ამ პროდუქტის შეძენა მხოლოდ X5 Retail–ის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.

„გაყიდული პროდუქციის მაჩვენებლების შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ეს მინერალური წყალი თაროებზე გამოჩენისთანავე იყიდება და, შესაბამისად, პროდუქციის დამატება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს,“ – განუცხადა ჩიტაიამ commersant.ge–ს. მისივე თქმით, ახლო მომავალში რუსულ ბაზარზე „ბორჯომის“ სარეკლამო კამპანიები იგეგმება, თუმცა რას ითვალისწინებს აღნიშნული კამპანიები, IDS Borjomi Russia–ში არ აკონკრეტებენ. ოლგა ჩიტაიას განცხადებით, მალე პროდუქცია სანქტ–პეტერბურგში, შემდეგ ვორონეჟში, ნიჟნი ნოვგოროდსა და ყაზანში გამოჩნდება, თანდათანობით კი რუსეთის ფედერაციის ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის მაღაზიებში შევა.

0,5 ლიტრის შუშის ბოთლში ჩამოსხმული „ბორჯომი“ მოსკოვში 55–60 რუბლი ღირს.

ცნობისთვის: „ბორჯომი“ ამ ეტაპზე მსოფლიოს 40–ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. მათ შორისაა დსთ–ს ბაზრები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ჩინეთი და ა.შ.

„ბორჯომის მინერალური წყალი შეესაბამება ხარისხის ევროპულ და რუსულ სტანდარტებს,“ – აცხადებენ IDS Borjomi Russia–ში.

საქართველოში კი რუსეთში დაწყებული რეალიზაციის პირველ შედეგებზე არ საუბრობენ. როგორც „ბორჯომში“ განგვიცხადეს, ამ ეტაპზე არ გააკეთებენ კომენტარს გაყიდვების მაჩვენებლებზე და არც იმაზე, რამდენად გაამართლა რუსულმა ბაზარმა მათი მოლოდინები.