საინტერესოა რა საკითხი უნდა შევიდეს დღის წესრიგში, რომ პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწროს, - ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
"ჩვენ მოვისმინეთ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, რომ ის არ დაესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას, რადგან ის ვერ ხედავს მისთვის საინტერესო საკითხებს. ეროვნული უშიშროების საბჭოს გუშინდელი სხდომის საკითხები იყო - გახშირებული შეტევები ჩვენ სამხედროებზე ავღანეთში, გაზრდილი მსხვერპლი და კოორდინირებული მოქმედება უწყებებს შორის.
მეორე საკითხი კი იყო საქართველოს მოქალაქეების და სამხედროების მიმართ მუქარების შემცველი კამპანია, რომელიც ინტერნეტსივრცეში განვითარდა. ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო განსახილველი. აქედან გამომდინარე, სრულიად გაუგებარია და შიდა პოლიტიკური კინკლაობით არის გაჯერებული ის განცხადება, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა, რომ მისთვის საინტერესო საკითხები არ იყო უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში. ძალიან საინტერესოა, რა უნდა იყოს საბჭოს დღის წესრიგში, რომ პრემიერ-მინისტრისთვის საინტერესო გახდეს. ეს იყო განცხადება, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია ჩვენთვის და კარგი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი დაინტერესდება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებით", - განაცხადა გაბაშვილმა.
ამასთან, გაბაშვილის თქმით, ძალიან ნელა ხორციელდება თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოების გამოძიების საკითხი.
"ყველას გვესმის, რომ ეს არ არის გამოძიება, რომელიც დღეები უნდა გაგრძელდეს. ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხი, რომლის გამოძიებაც მალე უნდა მოხდეს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.