"დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციას გიგლა ბარამიძე უხელმძღვანელებს. სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერტანტორი გიგლა ბარამიძე "დემოკრატიული მოძრაობის" ხელმძღვანელმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს დღეს წარუდგინა. მისი თქმით, გიგლა ბარამიძე საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბსაც უხელმძღვანელებს.
"დემოკრატიულმა მოძრაობამ" დაასრულა პარტიის რეორგანიზაცია და გადადის რეგიონული, რაიონული ოფისების პრეზენტაციაზე. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ "დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიგლა ბარამიძე. პატივისცემას იმსახურებს მისი გადაწყვეტილება, რომ 9-წლიანი პოლიტდევნილობის შემდეგ გადაწყვიტა, დაუბრუნდეს პოლიტიკა. ჩვენთვის ყველასთვის დიდი პატივია, რომ მან არჩევანი ჩვენს გუნდზე შეაჩერა. გიგლა ბარამიძე გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი მონოგრაფიის ავტორი, საგანგებო და სრულუფლებიანი სტატუტის მქონე პროფესიონალი დიპლომატი", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, გიგლა ბარამიძე წლების განმავლობაში პრეზიდენტის რწმუნებული იყო სამცხე-ჯავახეთში და სწორედ მისი გუბერნატორობის დროს აღდგა სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფო სიმბოლიკა ამ რეგიონში, ხოლო რეგიონის სასაზღვრო ზოლში რუსი მოსაზღვრეების ნაცვლად განთავსდნენ ქართველი მესაზღვრეები.
თავად გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ მისი 9-წლიანი პოლიტიკური დევნილობის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნება რთული გადაწყვეტილება იყო.
"ალბათ გაინტერესებთ, რატომ ავირჩიე სწორედ "დემოკრატიული მოძრაობა" ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის. ეს მოძრაობა არის ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებული, სახელწიფოებრივი იდეოლოგიის, მებრძოლი და თავის პრინციპების ერთგული პოლიტიკური ძალა, რაც სრულიად ემთხვევა ჩემს ღირებულებებსა და პრინციპებს. ამავე დროს იმ ურთულეს ვითარებაში, რომელშიც ახლა იმყოფება ჩვენი ქვეყანა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს ისეთი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც ნინო ბურჯანაძეა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დღესვე დემოკრატიულ მოძრაობას გიგლა ბარამიძის შვილი ეკატერინე ბარამიძეც შეუერთდა, რომელიც ნინო ბურჯანაძის განცხადებით პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.