ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა რამდენიმე კვირით გადადეს. საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის მიხედვით, ქვეყნის პირველი პირი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარულ საგამოძიებო მოქმედებად გარდაქმნას ითხოვს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომაც მოამზადა და უმჯობესი იქნება მათი წინადადებაც გახდეს ცნობილი.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ პრეზიდენტი ცვლილებების მომზადებისას მთავრობას არ შეუთანხმდა, ცალ-ცალკე წინადადებებია მომზადებული.
სესიაშვილის განცხადებით, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობს დავა, რამდენად ეწინააღმდეგება ეს ინიციატივა იმ რეფორმებს, რომელსაც მთავრობა ამზადებს.
"პრეზიდენტის წინადადების უგულებელყოფას არ ვაპირებთ, მაგრამ ვითხოვთ, რომ საკითხის გადაწევა მოხდეს, სანამ მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთში გაერკვევიან", - აღნიშნა სესიაშვილმა.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წინადადებით გამოვიდა, საკითხის განხილვა ორი კვირით გადაიდოს.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართა, რომელიც 26 კანონპროექტს აერთიანებს. კერძოდ, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს" მეექვსე თავი ემატება, სახელწოდებით - "ფარული საგამოძიებო მოქმედებები". ცვლილებებით განისაზღვრება ფარულ საგამოძებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახეები, მათ შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო (პროკურორი ან ზოგიერთ საგამოძიებო მოქმედებაზე - სასამართლო) და მიღების პროცედურები. ამასთან, კანონპროექტით, ძალადაკარგულად ცხადდება კანონი "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ".