"რუსეთის რიტორიკა არ შეცვლილა - მათ უყვართ ქართველი ხალხი სახელმწიფოს გარეშე"

უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, რუსეთის რიტორიკა არ შეცვლილა - მათ უყვართ ქართველი ხალხი სახელმწიფოს გარეშე. 

ამის შესახებ ბოკერიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

"ეს არის რიტორიკა, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური კლასის და პრეზიდენტ პუტინის მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ მათ უყვართ ქართველი ხალხი, მაგრამ ვერ ეგუებიან საქართველოს სხვადასხვა დროის ხელისუფლებების სწრაფვას თავისუფლებისკენ, სუვერენიტეტისკენ და დასავლეთისკენ. ეს შეიძლება, გადაითარგმნოს შემდეგნაირად, რომ ქართველი ხალხი გვიყვარს, ოღონდ სახელმწიფოს გარეშე, როგორც ჩვენი საყვარელი კოლონია. ეს არის შეურაცმყოფელი, დამამცირებელი პოზიცია, არანაირი ილუზიები არ არსებობს, რომ წინა ხელისუფლების კრიტიკით ან რაღაც რიტორიკის შეცვლით შეიძლება, შეიცვალოს ფუნდამენტური პრობლემა, რაც არის შეუთავსებლობა რუსეთის ფედერაციის ხედვისა ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან", - განაცხადა ბოკერიამ.