პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსის საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
მათივე განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ცვლილებების პროექტში დასაქმებულთა წარმომადგენლებთან კონსულტაციების გარეშე და მთავრობის მიერ მხოლოდ ბიზნეს ჯგუფებისგან მიღებული რჩევა-დარიგებების გათვალისწინებით დამატებითი ცვლილებების შეტანა გახდა.
"აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ცვლილებების პროექტი ისეთი სიხშირითა და სისწრაფით განიცდის ტრანსფორმაციას, რომ სოციალურ პარტნიორებს, მხარეებს და სამოქალაქო საზოადოებას არ აქვს საშუალება განხილვამდე მათ წერილობითი ფორმით გაეცნოს. ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ კოდექსის სახეცვლილ ვარიანტში დასაქმებულთა ხმა არ ისმის და ის ბიზნესმენთა ერთ ჯგუფზეა მორგებული. ნათელია, რის მისაღწევად ვაჭრობდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის დეპუტატი ოქრიაშვილი, თუმცა რა ფორმით შედგა შეთანხმება, ეს ჩვენთვის უცნობია", - ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.
მათივე შეფასებით, ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფის ზეწოლის შედეგად დასაქმებულთა მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად კიდევ უფრო უარესდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.