ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის დისლოცირების ორი ბაზა დაიხურა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა და განმარტა, რომ ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.
მისივე თქმით, ნატოს სარდლობის მიმართ რეკომენდაციები ქართულ კონტინგენტზე ბოლო პერიოდში მომხდარი პირველი თავდასხმის შემდეგ გაიცა.
"პირველი თავდასხმის შემდეგ ნატოს სამხედრო სარდლობისთვის მოხდა მიმართვა, რა ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებისთვის და მინდა ვთქვა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეკომენდაციები მთლიანად იქნა გაზიარებული. ამის შესაბამისად გატარდა საჭირო ზომები და დაიწყო ჩვენი საფორტიფიკაციო და საინჟინრო უზრუნველყოფა. ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, ასევე დაიხურა ორი ბაზა, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო კონკრეტული დისლოკაციის ადგილებზე აქცენტს ვერ გავაკეთებ. ადამიანურად შესაძლებელი ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი", - განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციითვე, 3-4 დღეში უნდა დახურულიყო ის ბაზაც, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. "სამწუხაროდ, ეს ვერ მოესწრო. ბაზა, რომელზეც ბოლოს განხორციელდა თავდასხმა, 3-4 დღეში უნდა დაშლილიყო და ჩვენი კონტინგენტი უნდა გადასულიყო ახალი დისლოკაციის ადგილზე", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.