უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად შსს-სგან მოვითხოვთ, ვიდეოებზე გამოძიება რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს".
ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ვერანაირ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუ რაზე იყო საუბარი ვიდეოებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი და მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გატარდეს, რათა რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად დასრულდეს გამოძიება. წინასწარი მონაცემებით, რაც თქვენ საჯაროდ გაქვთ მოსმენილი, შემიძლია, დავადასტურო, რა თქმა უნდა, არსებობს მტკიცების საფუძველი, რომ ეს პროდუქტი მომზადებულია საქართველოში და არანაირი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჯერჯერობით არ ჩანს. ვგულისხმობ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ავღანეთში მოქმედებენ. ეს ინფორმაცია გვაქვს შსს-სგან, საჯაროდ გაკეთებული განცხადებების სახით და ეს ნათელია საღი აზრითაც", - განაცხადა ბოკერიამ და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება რაც შეიძლება, მოკლე ვადებში დადებს შედეგებს.