ქართველი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს უშიშროები საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ქუთაისში სამხედროების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამასთან, ალასანია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მოწამლულია 160 სამხედრო და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შემოწმების სტადიას 11 ჯარისკაცი გადის.
"ბოლო მონაცემებით, 11 სამხედრო გადის შემოწმების სტადიას, რათაA დადგინდეს, რამ გამოიწვია მათი მოწამვლა. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევას ფართომასშტაბიანი ხასიათი არ მიუღია, მივიღე გადაწყვეტილება და თანამდებობიდან გადაყენებულია პირი, რომელიც ჩვენი სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება სამხედროების კვების მენეჯმენტის მთლიანად შეცვლა. "თავდაცვის სამინისტროსთვის ჯარისკაცის კვებით უზრუნველყოფა არის იგივე, რაც საკუთარ ოჯახში საკუთარი შვილის კვებით უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, ესაა უმთავრესი პრიორიტეტი და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული", - დასძინა ირაკლი ალასანიამ.