უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უცხოეთის ქვეყნებში საქართველოს ელჩობის კანდიდატების საკითხი სპეციალურ სხდომაზე განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა სწორედ ელჩების პრობლემასთან დაკავშირებული თემა დააყენა.
"სხდომაზე ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც იყო დღის წესრიგში, ასევე, გავაჟღერეთ ის თემები, რომლებიც გვქონდა ჩვენ. ჩემი მხრიდან ეს იყო ელჩების საკითხი, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კოორდინირებულ მუშაობასთან დაკავშირებული თემა. ელჩების საკითხზე ვიმსჯელეთ და წარმოიშვა წინადადება, რომ გაიმართოს სპეციალური სხდომა, რომელზეც განვიხილავთ ელჩობის კანდიდატების საკითხს და მოვუსმენთ იმ მიზეზებს, თუ რატომ არ ხდება ზოგიერთი მათგანის წარდგენა პარლამენტში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის ვიზიტებს, მინისტრის თქმით, უკვე არსებობს ორი პრეცედენტი იმისა, რომ ქვეყნის პირველ პირს მოგზაურობაში თან ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
"ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალშიც", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ცხინვალის რეგიონში საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებულ საკითხს კი უშიშროების საბჭოს სხდომაზე მხოლოდ "ცოტა ხნით" შეჩერდნენენ, რადგან სხდომის დღის წესრიგით სხვა საკითხების განხილვა იყო გათვალისწინებული.