საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც დახურულ კარს მიღმა ბევრი საკითხი გაცილებით უფრო ადვილად წყდება".
ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა უშიშროების საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა.
"თავისთავად ძალიან პოზიტური მოვლენაა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომები განახლდა. ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალებით გვაქვს დაკომპლექტებული უშიშროების საბჭო, ისევე როგორც მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტიის ადმინიტრაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, შეიძლება, განვსხვავდებოდეთ საქართველოს უახლესი წარსულის შეფასებით, ჩვენი აღქმით, ჩვენი ქვეყნის აწმყოთი და საქართველოს მომავლის ხედვით, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება, განვსხვავდებოდეთ მთავარ საკითხებში, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის დაცულობა ყველასთვის ერთნაირად საზრუნავი და მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც დახურულ კარს მიღმა ბევრი საკითხი გაცილებით უფრო ადვილად წყდება. ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციებს ვიგებთ ერთმანეთისგან. საბოლოო ჯამში ეს წაადგება ქვეყნის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს საქმიან ატმოსფეროს. მიუხედავად ზოგადი პოლიტიკური დავებისა, ურთიერთბრალდებების და ასევე ზოგადი პოლიტიკური კონკურენციისა, ასე უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში, იმედია, ვაშენებთ საქართველოში დემოკრატიას. მე მივესალმები ამ შეკრებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ სხდომაზე აზრების გულწრფელი გაცვლა-გამოცვლა გვქონდეს, ეს არის ავღანეთში შეტევა ჩვენს ჯარზე, უპრეცედენტოდ დიდი მსხვეპრლით. საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო ჩასული ადგილზე და მას მომხდარზე მეტი ინფორმაცია აქვს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ გენშტაბის უფროსის მოადგილემ გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ ამ თემაზე ქართულ საზოგადოებას ამომწურავი განმარტება მისცა, თუნდაც ბოლო დღეებში. დასაფასებელია, როცა სამხედროები ხალხისთვის მისაწვდომ ენაზე ხსნიან იმ საკითხებს, რომელიც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. რომ შევაჯამოთ, ეს არის ის ფორმატი, როცა ყველანი უნდა დავდგეთ პიროვნული ემოციების, ანტიპათიების, თუ პიროვნული ზიზღის და დაპირისპირების ზემოთ, რადგან საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. იმედია, შემდეგი შეხვედრები უფრო წარმომადგენლობითი იქნება", - განაცხადა სააკაშვილმა.