ტელეკომპანია

ტელეკომპანია "მზე" ჯარჯი ამირიძემ იყიდა

ტელეკომპანია "მზე"-ს ახალი მფლობელი ჰყავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანია "მზის" გენერალურმა დირექტორმა ზაზა თანანაშვილმა განუცხადა , ტელეკომპანია ჯარჯი (ზვიად) ამირიძემ იყიდა.

მისი თქმით, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება გუშინ მოხდა. რატომ გაასხვისეს მფლობელებმა ტელეკომპანიის წილი, ეს თანანაშვილისთვის უცნობია. "იყო მფლობელი, რომელმაც გაყიდა. ან ერთს უნდა ჰკითხოთ, რატომ გაყიდა, ან მეორეს, რატომ იყიდა",-განაცხადა ზაზა თანანაშვილმა.

მისივე თქმით, ჯარჯი ამირიძე ადრე "მზეში" ფინანსური დირექტორი იყო, ბოლოს კი - რადიო "106,4"-ის დირექტორი. ის ასევე იყო "პირველი სტერეოს" დამფუძნებელი.

ინტერნეტში მოიპოვება სამეწარმეო რეესტრის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" დირექტორი ზვიად ამირიძე მარშალის კუნძულებზე შექმნილ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის, "ჩემექსიმ ინტერნეიშენალის" წარმომადგენელია საქართველოში. ამ კომპანიის პარტნიორია პარლამენტის წევრი დავით ბეჟუაშვილი, რაც მან 2012 წელს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა.

"ჩემექსიმ ინტერნეიშენალი" ფლობს შპს "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს". ვიდრე კანონმდებლობაში ცვლილება შევიდოდა და ოფშორულ კომპანიებს მაუწყებლების ფლობა აეკრძალებოდათ, "ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" სამი ტელეკომპანიის - "რუსთავი 2"-ის, "მზისა" და "პირველი სტერეოს" მესაკუთრე იყო.