მართლმსაჯულების გადასაწყვეტია დაიკითხებიან თუ არა გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ჯოზეფ ქეიმ სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პროკურატურას მიმართოს გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ქეიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, თუ ვინ მონაწილეობდა მისთვის რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წართმევაში.
"დაკითხვაზე დაბარება მართლმსაჯულების გადასაწყვეტი იქნება. მე შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, ვინ მონაწილეონდა ამ გარიგებაში ფარულად. ცხადად ვინც იყო, ვიცით და ყველამ ვნახეთ, რომ ქალბატონმა თინა ბურჯალიანმა მოაწერა ხელი. მაგრამ ფარულად ამაში მონაწილეობდა კეზერაშვილიც, უგულავაც, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც. მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევაში მონაწილე მთავარი ჩინოვნიკი იყო მიხეილ სააკაშვილი. ის ფაქტობრივად, ამ კრიმინალური ქმედების ავტორია", -განაცხადა ქეიმ.
მისივე თქმით, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით, ის კეზერაშვილთან დაიბარეს და ამ შეხვედრას დედაქალაქის მერი გიგი უგულავაც ესწრებოდა.
"მათ მითხრეს, რომ ჩემი ქონება უნდა გადაეცეს ინა გუდავაძეს, რადგან ეს იყო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მე ავდექი და გამოვედი. გიგი უგულავა, როგორც მას ჩვევია, აბსოლუტურ ისტერიკაში ჩავარდა. როგორც ქალი წიოდა და კიოდა. თავის წივილ-კივილი დერეფანში დამაწია. ამის შემდეგ გავემართე სახლისკენ და ზუსტად 2 საათში შევიდა სპეცრაზმი ქარხანაში", - განაცხადა ქეიმ.
როგორ ქეიმ აღნიშნა, 2011 წლის 6 ივლისს, ხელი მოეწერა შეთანხმებას და ტელეკომპანია "იმედზე" დავის შეწყვეტის სანაცვლოდ სააკაშვილის ხელისუფლებამ ინა გუდავაძეს მეტალურგიული ქარხანა გადასცა.