განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "იდეაში, უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში განათლება უფასო უნდა იყოს".
ამის შესახებ მარგველაშვილმა განათლების სამინისტროში 15 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
მარგველაშვილმა სტუდენტებს სამინისტროს ახალი ინიციატივები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ვიწყებთ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სისტემის გამართვას, რომელიც მენეჯმენტის დახვეწას გულისხმობს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელები უნდა იყვნენ პირველ რიგში, მეცნიერები და არა მენეჯერები. საჭიროა უნივერსიტეტის მეცნიერ ხელმძღვანელს მენეჯერული გამოცდილება ჰქონდეს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს ძირითადი საფინანსო პროცესების დარეგულირება, რაც სახეზე უფრო ძლიერ უმაღლეს სასწავლებელს მოგვცემს, თუნდაც იმიტომ, რომ ლექტორები ფინანსურად მეტად უზრუნველყოფილნი იქნებიან", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს ხანებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან სტაჟიორებს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის სტუდენტებთან შეხვედრის პარალელურად, სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 193-ე სკოლის გაუქმების დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 193-ე ლოგოპეტიური სკოლა გასულ წელს გაუქმდა.