პარლამენტის სხდომაზე ხვალ შესაძლოა, პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კოლეგებს მიმართა და ინიციატივით გამოვიდა, გლოვის დღეების გამო, პოლიტიკური განცხადებები ოთხშაბათის პლენარული სხდომის ნაცვლად, პარასკევს გაკეთდეს.
მისი თქმით, ქვეყანა ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებს გლოვობს, რის გამოც, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და პოლიტიკური დებატები მიზანშეწონილი არ იქნება.
ამასთან, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დეპუტატები ორგანიზებულად წავლენ.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინიციატივით გამოვიდა, ჯარისკაცებთან დაკავშირებით და ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე პარლამენტმა სპეციალური ტექსტი მოამზადოს.