"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი უპრეცენდენტო საპროტესტო აქციებით იმუქრება. როგორც ხატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებულ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს" შენიშვნების გათვალისწინების გარეშე მიიღებს, ადვოკატები უპრეცედენტო საპროტესტო აქციას დაიწყებენ.
"სამართლიანი სასამართლო მხარეთა თანასწორობის გარეშე ვერ იქნება", - მიაჩნია ზაზა ხატიაშვილს.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებულ პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღეს იმსჯელებენ და ადვოკატები გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
პარლამენტი პრეზიდენტის მიერ კიდევ ერთ ვეტო დადებულ კანონპროექტზე მსჯელობას დღეს დაიწყებს. ამჯერად დღის წესრიგში პარლამენტის მიერ მიღებული "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები დგას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა და კანონმდებლებს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა. პრეზიდენტის შეთავაზებებზე დღეს ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, შემდეგ კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მიბრუნებული შენიშვნები ორ ძირითად საკითხს - კანონპროექტის რიგი მუხლების ძალაში შესვლის ვადებსა და დაცვის მხარესთან დაკავშირებულ უფლებებს ეხება.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ჩხრეკა-ამოღების თაობაზე დაცვის მხარისთვის მინიჭებულ უფლებასთან დაკავშირებული მუხლი 2014 წლის პირველი სექტემბრის ნაცვლად, ერთი წლით ადრე - მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს.
პრეზიდენტის კიდევ ერთი შენიშვნა მტკიცებულებათა საკითხს ეხება. კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, 2014 წლის პირველი სექტემბრიდან უქმდება "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ჩადებული, დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება, რომლის თანახმადაც, დაცვის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის უზრუნველსაყოფად, სასამართლოში არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას არ იწვევს.
პრეზიდენტი საკუთარ მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ მან არასამთავრობო ორგანიზაციების და ადვოკატთა ასოციაციის მოსაზრებები გაითვალისწინა.