ახალი მოწვევის პარლამენტის წევრებმა პრემიის სახით სულ 956 389 ლარი მიიღეს, –ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სტატიის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის აპრილის თვის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის წევრებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 2 702 646,84 ლარი. აღნიშნული თანხიდან წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის იანვარი-ოქტომბერი) გაცემულია 1 746 258 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში (2012 წლის ნოემბერი – 2013 წლის აპრილი) – 956 389 ლარი.
ამავე დროს სახელფასო დანამატებით სულ გაცემულია 2 938 319 ლარი, საიდანაც წინა მოწვევის პარლამენტის პირობებში გაცემულია - 1 415 043 ლარი, ხოლო ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში – 1 523 276 ლარი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, პრემიის გაცემის პრაქტიკა 2012 წლის იანვრის თვიდან გაუქმებულია.
"თუმცა, აღნიშნულის კვალდაკვალ 2013 წლის 18 იანვარის საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, გაიზარდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის არსებული სახელფასო დანამატები", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის მიხედვით, პარლამენტის წევრთა ყოველთვიური შემოსავალი ასე ნაწილდება: ყველა მათგანი პარლამენტის წევრის თანამდებობრივ სარგოს 2000 ლარს იღებს, რასაც ემატება დანამატი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის, რის შედეგადაც, პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი საერთო ჯამში 5905 ლარს, პირველი მოადგილის- 5570 ლარს, მოადგილის - 5505 ლარს, უმრავლესობის, უმცირესობის ლიდერებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების - 4705 ლარს და პარლამენტის წევრების კი - 3790 ლარს შეადგენს.
"პრემიების გაცემის ყოველთვიური პრაქტიკის გაუქმებით რეალურად ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატების შემოსავლები უნდა შემცირებულიყო 30%-ით წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების შემოსავლებთან შედარებით, თუმცა სახელფასო დანამატების ზრდამ განაპირობა შემოსავლების მხოლოდ 5-პროცენტიანი შემცირება", - ნათქვამია IDFI – ის სტატიაში.