ყოფილ პრემიერ–მინისტრს ვანო მერაბიშვილს ქონების ჩამორთმევაში კიდევ ერთი ბიზნესმენი ადანაშაულებს. გაზეთ „კვირის ქრონიკის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი ჯემალ ტყეშელაშვილი მერაბიშვილისგან ქონების დაბრუნებას ითხოვს და ამ მიზნით განცხადება პროკურატურაში უკვე შესულია.
ბიზნესმენის ადვოკატის განმარტებით, ტყეშელაშვილს ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სახლი და შპს „ანტისი“ ვანო მერაბიშვილის მეშვეობით ჩამოართვეს და დღეს ქონების მფლობელი მერაბიშვილია.
ადვოკატის ინფორმაციითვე, ტყეშელაშვილი 2005 წელს დააპატიმრეს და თავისუფლების სანაცვლოდ ჯერ სახელმწიფოს სასარგებლოდ მიწის ნაკვეთის ჩუქება, შემდეგ 150 ათასი მოსთხოვეს. ადვოკატის განმარტებითვე, მოგვიანებით ტყეშელაშვილისგან დამოუკიდებლად მოხდა მისი ქონების გადაფორმება მერაბიშვილის ბიძაშვილზე, ხოლო დღეს ქონების მფლობელი თავად ვანო მერაბიშვილია. ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ანალოგიური ბრალდებით, „დაბი ჯგუფის“ ყოფილი კოორდინატორი და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი გამოვიდნენ.