პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილების პროექტში ღიად დარჩენილ მუხლებს მიუბრუნდება. კერძოდ, საუბარია ვადიან შრომით ხელშეკრულებებთან, ნორმირებულ სამუშაო კვირასთან, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებთან, შვებულებებთან და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას ბიზნესსექტორი და დეპუტატთა ერთი ჯგუფი არ იზიარებს.
უმცირესობის გარდა, შრომით კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს წინააღმდეგობას "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული ის მაჟორიტარებიც უწევენ, რომელთა სახელებიც სოლიდურ ბიზნესებთან არის დაკავშირებული.
გასულ სასესიო კვირას პარლამენტმა "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, ცხრა მუხლის გარეშე მიიღო. დღეს ჯანდაცვის კომიტეტი სწორედ ამ ღიად დარჩენილ მუხლებს მიუბრუნდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გაიმართა ბიზნესის, დარგობრივი უწყებებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან, ღიად დარჩენილ საკითხებთან დაკავშირებით მომზადდა ახალი პროექტი, რომელზეც დღეს კომიტეტი იმსჯელებს.
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა პარლამენტში 16:00 საათისთვის არის დანიშნული.