ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრებას, ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, გასული კვირის მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს წინაშე კვლავ დგას მთელი რიგი გამოწვევები, როგორც საგარეო პოლიტიკის, ისე უსაფრთხოების სფეროში. სწორედ ამიტომ, ელჩის აზრით, მნიშვნელოვანია, პროცესის მონაწილეთ ჰქონდეთ საშუალება, ერთად დასხდნენ და შეიმუშაონ საუკეთესო პოლიტიკა.
"ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს, განიხილონ ეს თემები. წინა სხდომაზე განიხილეს ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი ინციდენტები და მავთულხლართების აღმართვის პროცესი. დარმწუნებული ვარ, ახლა განიხილება ავღანეთში მიმდინარე მოვლენების გავლენა პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ყველა მნიშვნელოვანი თემა, რაც საქართველოს წინაშე დგას. მიმაჩნია, რომ ეს არის მართლაც საუკეთესო შესაძლებობა ასეთი თემების ერთობლივად განსახილველად", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს, 18 საათისთვის არის ჩანიშნული.