სასტუმრო "რედისონში" "იუნისეფის" ორგანიზებით კონფერენცია "ინვესტიცია საქართველოს მომავალში – ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების ეროვნული გეგმა" გაიხსნა.
კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამერბერგიც.
პრემიერ-მინისტრს ღონისძიების დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ბიძინა ივანიშვილი დღევანდელი კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი კი დღევანდელ ღონისძიებას მნიშვნელოვანს უწოდებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა "იუნისეფთან" ერთად დღეს განიხილავს იმ გზებს, თუ როგორ შეიძლება შეიმუშავოს ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის მეშვეობითაც გაუმჯობესდება ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების კვება, სამედიცინო მომსახურების სფერო და განათლება.
"ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჯანმრთელი და უზრუნველყოფილი ცხოვრებით იცხოვრონ", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
"იუნისეფის" კვლევის თანახმად, 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და დღეში 1,25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს.