ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძის განცხადებით, 26 მაისს ჰელმანდის პროვნიციაში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ჯარისკაცები თავის გაუგონარი კითხვებით საფრთხის ქვეშ დააყენა.
ამის შესახებ "პირWელს" თვალჭრელიძემ პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტის დროს სამხედროებთან საუბრის დეტალების კომენტირებისას განუცხადა.
"პრეზიდენტის ასეთი ქმედება ჩემთვის, როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად, კატეგორიულად მიუღებულია. გარდა იმისა, რომ საფრთხის შემცველია ასეთი საუბრები, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ინფანტელური იყო სააკაშვილი ჯარისკაცებთან საუბრის დროს. იმის ნაცვლად, რომ გაემხნევებინა ისინი და მათთვის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება ესურვებინა, გაუგონარ კითხვებს უსვამდა, თუ რამდენი კაცი მოკლა თითოეულმა მათგანმა. ეს არა მხოლოდ გამაღიზიანებელია, არამედ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ჩვენი ჯარისკაცები ადამიანების დასახოცად არიან იქ ჩასულები და არა სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად", - განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი თავად უნდა აცნობიერებდეს იმ შეცდომას, რომელიც ავღანეთში ყოფნის დროს დაუშვა და უნდა გრძნობდეს იმ მაღალ რისკს, რასაც ასეთი ტიპის განცხადებები შეიცავს.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 მაისს ჰელმანდის პროვინციაში მყოფი ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. მოგვიანებით, ტელევიზიით გავრცელდა პრეზიდენტის ქართულ ბაზაზე სტუმრობის კადრები, სადაც სააკაშვილი ქართველ ჯარისკაცებს ესაუბრება და ინტერესდება, ვინ რამდენი ტერორისტი მოკლა.