უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის დღევანდელ განცხადებას მოსამართლის შეურაცხყოფად აფასებს.
კუბლაშვილმა მოსამართლეთა კონფერენცია კიდევ ერთხელ შეაფასა და ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა სრული გამჭირვალობის პირობებში წარიმართა.
"მინისტრის გამონათქვამი მე არ მომისმენია, მაგრამ ეს თუ ასეა, ეს არის ბატონი ზაზა მეიშვილის შეურაცხყოფა, რაც იუსტიციის მინისტრის მხრიდან მიუღებელი და დაუშვებელია. ვფიქრობ, იგი მიხვდება, რომ არ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფა მიაყენოს მოსამართლეს, რომელიც რაც სასამართლო სისტემაში მუშაობს, გამოირჩევა წესიერებითა და პროფესიონალიზმით. რაც შეეხება თავად პროცესს, ვერავინ იტყვის, რომ რაიმე იყო დამალული და რაღაც კულუარულად ხდებოდა. ის, რაც კულუარულად მანამდე ხდებოდა, ჯერ კიდევ განხილვის საკითხია და ამ ადამიანებმა, მათ შორის მინისტრმა, ამაზეც უნდა ისაუბრონ. მოსამართლეთა კონფერეციამ, მისი მომზადების პროცესმა აბსოლუტური საჯაროობის პირობებში ჩაიარა. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მოსამართლეებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ, ყველამ კარგად დაინახა, რომ კანდიდატები თითქმის ერთი საათის განმავლობაში გამოდიოდნენ და საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებდნენ", - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით კი, "გასაოცარია, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის საბჭოში ყველაზე ოდიოზური ფიგურა უპრობლემოდ - პირველივე ტურში აირჩია".
"მოსამართლეებმა მართალია უცნაური გადაწყვეტილებები მიიღეს, მაგრამ მიიღეს ის, რაც ჩათვალეს, რომ კარგია. ახლა ეს გადაწყვეტილებები საჭიროებს შემოწმდეს პრაქტიკაში, რომ დავინახოთ რამდენად თავისუფალი და დამოუკიდებელი საქმიანობა შეუძლიათ იმ ადამიანიებს, ვინც აირჩიეს. რა თქმა უნდა, გასაოცარია, რომ ყველაზე ოდიოზური ფიგურა, რომელიც ასეთად მოიაზრება საზოგადოებაში, პირველივე ტურში - უპრობლემოდ იქნა არჩეული" - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, მინისტრმა პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ გამომდინარე იმ შედეგებიდან, რომელიც მოსამართლეებმა გუშინ აჩვენეს, პარლამენტზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რამდენად დამოუკიდებელ და კომპეტენტურ ექვს წევრს აირჩევნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
მოსამართლეთა კონფერენციამ გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი მოსამართე აირჩია. მათ შორის პირველი ტურში გაიმარჯვა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარემ ზაზა მეიშვილმა.