პრემიერის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კოკა ყანდიაშვილი დავით დარჩიაშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს.
როგორც ყანდიაშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს, ამ თემაზე პასუხი უხერხულია.
"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, "მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი შემქმნელი, გიორგი არველაძის გუნდიდან (როგორც ინტერნეტ სააგენტოები და გაზეთი "ვერსია" იუწყება) - იკვეთება ამ "ვიდეო-საძაგლობის" შემქმნელად და გამავრცელებლად. იმედია, გამოძიება, რომელსაც შსს აწარმოებს, დროულად დაადგენს როგორც შემსრულებლების ისე დამკვეთების ვინაობას.
P.S. დარჩიაშვილის და სხვა ნაცაქტივისტების ბოდვაზე კი, - პასუხი უბრალოდ უხერხულია", - წერს ყანდიაშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ Youtube-ზე ჯიჰადის მუქარასთან დაკავშირებით ატვირთული ვიდეო შესაძლოა, კოკა ყანდიაშვილის მიერ იყოს გაკეთებული.
ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ვიდეოს წარმომავლობა სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა დაადგინონ.