ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ყოველთვიური შემოსავალი 16 000 ლარს უტოლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული სტატიიის მიხედვით, გიორგი ქადაგიძეს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისას პრემია არ აუღია.
"სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობრივი სარგოების შესახებ, თუმცა გიორგი ქადაგიძის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მისი წლიური შემოსავალი 150 000 ლარს შეადგენს, რაც თვეში 12 500 ლარის შესაბამისია. ამას გარდა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სახით ის კიდევ 42 000 ლარს იღებს წლიურად. შესაბამისად, გიორგი ქადაგიძის ყოველთვიური შემოსავალი 16 000 ლარს უტოლდება", ნათქვამია IDFI-ის სტატიაში.
IDFI-ის ინფორმაციით, საშტატო ნუსხის მიხედვით, ბანკში სულ 342 ადამიანია დასაქმებული. თანამშრომლებს 2012 წლის მანძილზე დაერიცხათ 2 392 647 ლარის პრემია. თანამშრომლებს ერთ ჯერზე ყველაზე დიდი რაოდენობის პრემია დაერიცხათ მაისსა (744 745 ლარი) და დეკემბერში (738 650 ლარი). ამას გარდა, 2013 წლის იანვარი-მარტის პერიოდში თანამშრომლებზე პრემიების სახით გაიცა 245 534 ლარი.
2012 წლის იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე ეროვნულმა ბანკმა 16 ავტომობილი შეიძინა, რისთვისაც 696 000 ლარი დახარჯა. შეძენილ იქნა 2011 წელს გამოშვებული "ტოიოტა ავენსისი" 15 ცალი, ერთეულის ფასით 43100,67 ლარი და ასევე 2012 წელს გამოშვებული 49 489,95 ლარის ღირებულების "ტოიოტა ქემრი".