„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ყაზახური მენეჯმენტი კომპანიის დაბრუნების დეტალების გარკვევას რამდენიმე კვირაში, ყაზახეთიდან კომპანიის დელეგაციის ჩამოსვლისა და საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ელოდება. ამასთან, კომპანიის დაბრუნების შემდეგ ყაზახური გაზის იმპორტის დაწყებასაც არ გამორიცხავს. ამის შესახებ commersant.ge–ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სანჟარ შოკატაევმა განუცხადა.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ კომპანია ძველ მენეჯმენტს ზამთრის პერიოდის დადგომამდე დაუბრუნდება.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ დროებით მენეჯმენტს უფლებამოსილება ერთი წლით, 2014 წლის პირველ ივნისამდე გაუგრძელდა. თუმცა როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, როგორც კი მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგება და ვალი დაიფარება (თუნდაც ერთწლიანი ვადის გასვლამდე), საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ყაზახურ მხარეს კომპანიაში დაბრუნების უფლება მიეცემა.
"ყაზტრანსგაზ თბილისის" ყაზახური მხარისთვის დაბრუნება ენერგეტიკის მინისტრის ასტანაში ვიზიტის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა. კახი კალაძის განმარტებით, გადაწყვეტილება თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის ყაზახური მხარისთვის დაბრუნების შესახებ მთავრობამ უკვე მიიღო. მისი თქმით, კონსულტაციებში პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ყაზახური მხარისთვის კომპანიის დაბრუნების შემდეგ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მუშაობის მონიტორინგს გეგმავს.
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ქართული მენეჯმენტის ინფორმაციით, დავალიანების ნაწილი, 43 მილიონი ლარი, უკვე ამოღებულია. სულ საუბარია 40 მილიონი დოლარის დავალიანებაზე სახელმწიფოს წინაშე.
კმაყოფილია თუ არა ყაზახური მხარე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მოიხსნა თუ არა მხარეებს შორის ძირითადი სადაო საკითხები?
„ყაზტრანსგაზ თბილისის“ გენერალური დირექტორი კომპანიის საბოლოო დაბრუნებამდე ამ საკითხებზე შეფასებებს არ აკეთებს.
„საინტერესოა დაბრუნების დეტალები. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ჩვენ კომპანიას ვალი დარჩა, თუმცა ჩვენ ამ ვალს არ ვაღიარებთ. 4 წელია, კომპანიას დროებითი მენეჯმენტი მართავს და ამ დროის განმავლობაში მათ ვალი უნდა ამოეღოთ. ჩვენი დაანაგარიშებით, 16 მილიონ დოლარი „ყაზტრანსგაზ თბილისმა“ ტარიფის სხვაობის ხარჯზე მიიღო, 24 მილიონი ძველი დებიტორული დავალიანება იყო, ამას დაუმატეთ ბანკების პროცენტის გადასახადი 9 მილიონი დოლარი, რომელიც დროებით მენეჯმენტს არ გადაუხდია და დაზოგა ეს თანხა. შესაბამისად, არამცთუ ვალი გვაქვს, ხელისუფლებას ჩვენს მიმართ აქვს დავალიანება, თუმცა ჩვენ საქართველოს მთავრობისგან არაფერს ვითხოვთ. უბრალოდ, არ ვაღიარებთ ვალის არსებობას, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს. ჩვენი გათვლებით, ვალი გადახდილი უნდა იყოს და თუ დროებითმა მმართველობამ ის არ დაფარა, ეს უკვე სამართალდამცველების დაინტერესების სფეროა,“ – აცხადებს შოკატაევი.
რაც შეეხება „ყაზტრანსგაზ თბილისში“ დაბრუნების შემდეგ მოსალოდნელ ცვლილებებს თავად კომპანიის სტრუქტურასა და მომხმარებლის მომსახურებაში, შოკატაევის განცხადებით, ჯერ ამ თემებზე დეტალური მსჯელობა არ მიმდინარეობს, თუმცა აცხადებს, რომ სერვისების გაუმჯობესებას აპირებენ, ამასთან, ყაზახური გაზის იმპორტსაც ვარაუდობენ.
„გვსურს, საქართველოში ყაზახური გაზი შემოვიდეს, რომელიც რუსეთის საშუალებით ტრანსპორტირდება. ეს გაზი სავარაუდოდ, კომერციულ მომხმარებელს მიეწოდება, რომლის გადასახადიც კუბურ მეტრზე 75 თეთრს აღწევს. ტარიფის შემცირების შესახებ წინასწარ ვერაფერს გეტყვით, თუმცა გაზის იმპორტის წყაროების დივერსიფიცირება აუცილებელია, როგორც ეს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემაც განაცხადა. საქართველო ერთ წყაროზე – აზერბაიჯანზე დამოკიდებული არ უნდა იყოს, რამდენად მეგობრული ურთიერთობებიც არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანასთან, რადგან აზერბაიჯანი საქართველოში გაზის იმპორტის სფეროში მონოპოლისტია,“ – აცხადებს შოკატაევი და ამბობს, რომ კომპანიის დაბრუნების შემდეგ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ საქმიანობის მონიტორინგს მიესალმება.
„თუკი ენერგეტიკის სამინისტრო ჩვენს კომპანიაში საკუთარ წარმომადგენელს მოავლენს, მე მას დავეხმარები საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში,“ – აცხადებს შოკატაევი.
შეგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ კახი კალაძემ გაზის იმპორტის დივერსიფიცირების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სამომავლოდ გაჩნდეს ორი, სამი, ოთხი შემომტანი... უფრო მეტი კონკურენცია იქნება ბაზარზე და საინტერესო იქნება ფასების კუთხითაც... ელექტროენერგიას, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ვყიდულობთ რუსეთიდან, რატომ არ შეიძლება შემოვიტანოთ გაზი იგივე რუსეთიდან, იგივე ყაზახეთიდან?
თუმცა, მინისტრის თქმით, ყაზახეთის შემთხვევაში „ისევ გაზპრომთან მივდივართ, რადგან „გაზპრომს“ აქვს ვალდებულება ყაზახური გაზის იმპორტ–ექსპორტზე.