საქართველოს პრემიერ–მინისტრის დაანონსებული საინვესტიციო ფონდების კონცეფცია შემოდგომაზე იქნება მზად. როგორც რადიო „კომერსანტს“ „საპარტნიორო ფონდში“ განუცხადეს, კონცეფციის მომზადების შემდეგ დოკუმენტს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მათი ამოქმედება. ფონდში ამბობენ, რომ კონცეფციაზე როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ, რომელთაც მონიტორინგს საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ. მათ შორის ისეთი ორგანიზაციები, როგორიც მსოფლიო ბანკი, EBRD და „საერთაშორისო საინვესტიციო ბანკია“.
პრემიერის დანაპირების მიხედვით, სამი საინვესტიციო ფონდი უნდა შეიქმნას: საპარტნიორო ფონდის ბაზაზე სუვერენული ფონდი უნდა ამოქმედდეს, რომელიც მსხვილ პროექტებს დააფინანსებს. ახალგაზრდული ფონდი ახალგაზრდების გამოგონებებზე იქნება ორიენტირებული, ხოლო თანაინვესტირების ფონდი უცხოელ ინვესტორებთან ერთად მოახდენს პროექტების დაფინანსებას.
შეგახსენებთ: 27 მაისს გაზეთ „ჯორჯიან თაიმსში“ გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ, რომელშიც პრემიერი აცხადებდა, რომ თანაინვესტირების ფონდმა შესაძლოა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. „დარჩა 2 კვირა,“ – განაცხადა მან ფონდებზე საუბრისას.