მოსამართლეთა კონფერენცია იყო წინგადადგმული ნაბიჯი სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ "პრაიმ ტაიმის" პერსკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ გამართული კონფერენცია წინა კონფერენციებისგან განსხვავებით, უფრო კრიტიკული იყო. კერძოდ, მოსამართლეებს ჰქონდათ საკუთარი პოზიციები, რომელსაც თავისუფლად გამოხატავდნენ. კოჟორიძის ინფორმაციით, იყო დებატები, განხვავებული აზრები, პრობლემები და "ცოტა გაუგებარი გადაწყვეტილებებიც".
"გაუგებარ გადაწყვეტილებებში ვგულისხმობ, როდესაც მოსამართლეებს არ მიეცათ უფლება კითხვა დაესვათ კანდიდატებისთვის. ეს არასწორი დამოკიდებულებაა", - განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, როდესაც ერთ-ერთმა მოსამართლემ დააყენა საკითხი, რომ კონფერნციას დღის წესრიგი თავად განესაზღვრა და დაემტკიცებინა, ეს საკითხიც ჩავარდა. კოჟორიძის შეფასებით, ფართო უფლებამოსილებაზე კონფერენციამ თავადვე თქვა უარი, რაც ცოტა გაუგებარია.
საია-ს თავმჯდომარის მტკიცებით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ორგანიზატორების მისამართით რაიმე პრეტენზიის თქმა სწორი არ იქნება, რადგან კონფერენცია მაღალ დონეზე ორგანიზებული იყო. მისივე თქმით, დადებითად აღსანიშნავია, რომ მოსამართლეებს საშუალება ჰქონდათ კენჭისყრაზე პრობლემატური საკითხი გაეტანათ.
"სხვა საკითხია ის, რომ კონფერენცია, როგორც წესი, ალტერნატიულ მოსაზრებებს მხარს არ უჭერდა, მაგრამ თავისთავად, ის პროცესი, რომ კენჭისყრაზე კრიტიკული მოსაზრებები გადიოდა, ეს განასხვავებს ამ კონფერენციას წინა კონფერენციებისაგან", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესული ცვლილება, რომელიც მოსამართლეთა კოლეგიისა და პალატების თავმჯდომარეებს არჩევნების დროს გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის უფლებას ანიჭებს, ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, რადგან აღნიშნული ნორმა სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვანაირად გაიგეს. კოჟორიძის შეფასებით, ჯობდა პარლამენტს ეს ნორმა საერთოდ არ მიეღო.
საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესულმა ცვლილებებმა მოსამართლეთა კორპუსს მიანიჭა დიდი უფლებამოსილება და მათ შეეძლოთ ჯანსაღი დამოკიდებულება გამოევლინათ ბევრი საკითხისადმი.
"კონფერენციას შეეძლო უფრო გაბედული და ლოგიკური გადაწყვეტილებები მიეღო და სრულად ესარგებლა კანონით მინიჭებული ფართო უფლებამისილებებით", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისივე ინფორმაციით, კანდიდატებთან მიმართებაში შესაძლოა იყოს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა მთავარია, რომ ისინი მოსამართლეების მიერ არჩეულები არიან. კოჟორიძის თქმით, ახალი კანდიდატების კრიტიკა უფრო მიზანმიმართული იქნება მაშინ, როცა ისინი არ მიიღებენ სასურველ გადაწყვეტილებებს.
საია-ს თავმჯდომარის შეფასებით, პოზიტიური ნაბიჯები თვალშისაცემია, კერძოდ, ის, რომ კონფერენციაზე იყო მოსამართლეთა დიდი რაოდენობა, 50 ადამიანზე მეტი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მმართველ რგოლს, რომელიც წინა წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში გავლენით სარგებლობდა. კოჟორიძის შეფასებით, ეს პოზიტიური მომენტი იყო.