ამ წუთებში ქუთაისის პარლამენტის შენობასთან საქართველოს სხვადასხვა რაიონში დასაქმებულები და პროფკავშირების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები შრომის ახალ კოდექსს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, სამუშაო საათები 40 საათიდან 48 საათმდე გაიზარდება. ასევე დამსაქმებელს დასაქმებულისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ ხუთი დღით ადრე შეეძლება. პარლამენტის შენობასთან შეკრებილები ასევე საშვებულებო დღეებსაც აპროტესტებენ.
,,ამათ შექმნეს შრომის კოდექსი რომელიც დასაქმებულებისთვის გაუსაძლისია. მაგალითად, რვასაათიანი სამუშაო დღის ნაცვლად, ცხრასაათნახევრიანი სამუშაო დღე იქნება. დამსაქმებელს ასევე შეუძლია ნებისმიერ დროს ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული. ასევეა რიგითი ჩამონათვალი რომლის ამოღებას ვითხოვთ დღევნდელი შრომის კოდექსიდან", -განაცხადა იმერეთის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი იობაძემ.
შეგახსენებათ, რომ მიმდინარე კვირაში დეპუტატები შრომის ახალ კოდექსს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან.