ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოყვანის მოთხოვნით სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან" ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები სასტუმრომდე მსვლელობით მივიდნენ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი მდივანი აცხადებს, ისინი "ქორთიარდ მარიოტთან" იმის გამო შეიკრიბნენ, რომ აღნიშნულ სასტუმროში ნატოს კვირეულის დახურვის ღონისძიება მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების აზრით, საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს ნატოში გაწევრიანების შანსი და ამ კუთხით არც პოზიტიური ნიშნები შეინიშნება.
"ნატოს კარი საქართველოსთვის ჯერჯერობით დაკეტილია და არც არავინ იცის როდის გაიღება. რასმუსენმაც თქვა, რომ ნატო სუპერმარკეტის კარი არ არის, რომელიც მიახლოებისას იღება. არც საქართველო არ არის საზარბაზნე ხორცისგან შემდგარი ქვეყანა, რომლის ჯარისკაცებიც ასე შეიძლება გამოიყენონ", - განაცხადა გიორგი მდივანმა.
აქციის მონაწილეები ნატოს კვირეულის დახურვის მონაწილეებს მოუწოდებენ კონფერენცია დატოვონ და მათ აქციას შეუერთდნენ.
აქცია მცირერიცხოვანია და მას 10-მდე წევრი ესწრება.