ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს სამების საკათედრო ტაძარში "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ და "სახალხო კრების" ლიდერებმა მიუსამძიმრეს. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, ქართველი სამხედროების დაღუპვა საქართველოსთვის დიდი დანაკლისია. "მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილებს, რომლებიც ღვთის წყალობით მშვიდობით გადარჩნენ. ასევე, მინდა ვისურვო, რომ საქართველოს ისტორიაში მსგავსი მსხვერპლი აღარ განმეორდეს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი კი მიიჩნევს, რომ ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე საქართველოს უზენაესი ფასეულობაა. "მთელი გულით და სულით მტკივა ეს დანაკლისი. ჩვენ ბიჭებს ავღანეთში არაფერი ესაქმებათ. გასაგებია პოლიტიკური და საერთაშორისო მიზნები, თუმცა ჩვენი ბიჭების სიცოცხლე ჩვენთვის უზენაესი ფასეულობაა", - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.
სამების საკათედრო ტაძარში ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უკვე დასრულა. თუმცა, სამების ტაძარში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.