საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შეეწირნენ.
ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დაღუპული სამხედროების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
"ვუსამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ჩვენი ჯარისკაცების ოჯახებს და ახლო ნათესავებს. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. ეს ბიჭები ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შეეწირნენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპული 7 ქართველი ჯარისკაცი - I კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, I კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი, I კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, კაპრალი გიორგი ადამოვი, კაპრალი ბორის ცუგოშვილი და კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე - სამშობლოში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს.