უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მოსამართლეთა კონფერენციის მიმდინარეობით კმაყოფილია. კუბლაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მთელი პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
"ყველას შეეძლო კონფერენციაზე მოსვლა და პროცესებისათვის დაკვირვება. კონფერენციამ ჩაიარა წყნარ და მშვიდ ვითარებაში. ყველა თავის ფუნქციას ასრულებს, მათ შორის დამკვირვებლები, სტუმრები, ჟურნალისტები და მით უმეტეს მოსამართლეები. ყველა საკითხზე, რომელიც განსხვავებული მოსაზრების სახით კონფერენციაზე დადგა, გაიმართა კამათი და დისკუსია. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა გადაწყვეტილების მიღება კენჭისყრის გზით. გამოვლინდა, რომ მოსამართლეთა უმრავლესობა სხვაგვარად თვლის და არა ისე, როგორც რომელიმე მოსამართლე", - აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის მეორე ტური ორივე მიმართულებით ჩატარდება, კერძოდ, კონსტანტინე კუბლაშვილი ელის, რომ მეორე ტურის გამართვა საჭირო გახდება საბჭოს როგორც სამ ადგილზე გამარჯვებულების გამოსავლენად, ასევე ოთხ ადგილზე მოსამართლეთა შესარჩევად.