ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში მიასვენეს. პროცესიას, რომელიც სამებაში თავდაცვის მინისტრმა მიაცილა, ტაძრის შესასვლელთან სასულიერო პირები დახვდნენ. ტაძრის ეზოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს საპატიო ყარაული აქვთ მოწყობილი. ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები. სამებაში იმყოფება აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად. 19:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს შეასრულებს.
პანაშვიდის დასრულების შემდეგ კი გარდაცვლილ სამხედროებს საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ.
შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში 6 ივნისს დაიღუპა. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. გარდაცვლილები არიან: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. თავდასხმის დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 9 სამხედრო მოსამსახურე.