იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 236 მოსამართლემ მიიღო. პროცესი ფარული კენჭისყრის წესით წარიმართა, როგორც ამას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს. ამჟამად სასტუმრო "რედისონში", სადაც მოსამართლეთა კონფერენცია ტარდება, ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარემ და კონფერენციის წამყვანმა კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, ხმის დათვლის პროცედურა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მოსამართლეები დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შვიდ მოსამართლე წევრს აირჩევენ. ამ შვიდ ადგილზე სულ ოცდაოთხმა მოსამართლემ იყარა კენჭი. აქედან ოთხი ის მოსამართლეა, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან, არჩევის შემთხვევაში სასამართლოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა შეითავსონ. დანარჩენი ოცი მოსამართლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იმ თანამდებობის დაკავებას ცდილობს, რომელიც კანონის თანახმად რიგითი მოსამართლეებისთვის არის განსაზღვრული.
თითოეული კანდიდატის დამტკიცებისთვის საჭიროა ხმათა 2/3. მაღალი ქვორუმიდან გამომდინარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ელის, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის მეორე ტური გარდაუვალი იქნება.