საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, "კენჭისყრებმა აჩვენა, რომ 90 მოსამართლე განწყობილია იმისთვის, რომ მოსამართლის ღირსება დაიცვას".
ამის შესახებ ქუცნაშვილმა დღეს მოსამართლეთა რიგით მე-10 რიგგარეშე კონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც ის დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება.
მოსამართლეთა კონფერენციაზე "მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ" პროექტის დამტკიცებისას, მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი მოითხოვს, რომ იუსტიციის საბჭოს სამ ადგილზე კანდიდატურის დაყენების უფლება მიეცეთ არამარტო სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეებს, არამედ რიგით მოსამართლეებსაც. ჟურნალისტებთან საუბრისას მოსამართლეთა ამ ნაწილის მოსაზრებას ეთანხმება ზაქარია ქუცნაშვილიც და აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 ადგილი შეიძლება, დაიკავოს იმ პირმა, რომელსაც სასამართლო ხელისუფლებაში თანამდებობა უკავია და ასევე, რიგითმა მოსამართლეებმაც.
"სამწუხაროდ, სხვადასხვა მოვლენების აღქმისას ადამიანები სუბიექტურები ვართ. ამ შემთხვევაში გამოიკვეთა მოსამართლეთა ორი ფრთა. მე, როგორც დამკვირვებელი, ვაკვირდები და ვხედავ, რომ ერთია პროგრესული ფრთა, რომელიც გამოდის, საუბრობს, ეთიკას იცავს, კანონებს ეყრდნობა და მეორე ფრთა, რომელიც ხმას არ იღებს და მხოლოდ ტაშს უკრავს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. კენჭისყრებმა აჩვენა, რომ სადღაც 90 მოსამართლე განწყობილია იმისთვის, რომ მოსამართლის ღირსება დაიცვას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას საფუძველი ჩაუყაროს. ეყოფა თუ არა 90 მოსამართლის ხმა და ნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მე ამის პროგნოზირება გამიჭირდება", - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, მოსამართლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევას ხმათა 2/3, ანუ რაოდენობრივად 160 მოსამართლის ხმა ესაჭიროება.