სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს შეასრულებს. როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, გარდაცვლილებს სამების საკათედრო ტაძარში 18:00 საათზე მიასვენებენ, 19:00 საათზე კი პანაშვიდი დაიწყება.
"დღეს მთელი საქართველო გლოვობს, დასტირის ჩვენს ჯარისკაცებს. შევთხოვთ უფალს, ნათელში დაამკვიდროს მათი სულები", - ბრძანა უწმინდესმა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ადამიანს ფიზიკურთან ერთად სულიერი ხედვაც გააჩნდეს, რათა მის წინაშე მდგარი საკითხები კარგად დაინახოს და შეაფასოს.
"ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, ვინ ვართ და რა უნდა ვაკეთოთ, რათა მომავალი ბედნიერი იყოს. წმინდა ილია მართალმა თქვა - მამული, ენა, სარწმუნოება, რასაც ჩვენ დავუმატეთ – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როდესაც ვხედავთ ჯარისკაცებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს, უნდა ვიფიქროთ, სათანადოდ ვუფრთხილდებით თუ არა ადამიანს. ადამიანი უნიკალური ქმნილებაა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ყველაფერს ქმნის მხოლობით რიცხვში, ადამიანი კი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა, ხატება ღვთისა", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა მეცნიერ პავლოვის სიტყვებიც გაიხსენა, რომელიც ამბობდა, რომ ადამიანს აქვს მცირე გონება, ანუ აზროვნება და დიდი გონება, ანუ გული. უწმინდესის თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ორივე უნდა მოქმედებდეს, რადგან ანალიტიკური აზროვნება აუცილებელია.
"ჩვენ შევწირეთ ჯერ სამი, შემდეგ შვიდი ჯარისკაცი. უნდა გავაკეთოთ ანალიზი, რატომ მოხდა ეს და რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. უფალმა მოგვცეს სულიერი და ფიზიკური ხედვა, რწმენა და ძალა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმ ჯარისკაცთა სულები, რომლებიც ასე ტრაგიკულად დაიღუპნენ და დაამკვიდროს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ", - ბრძანა უწმინდესმა.