ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, 19:00 სათზე სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შვიდი ქართველი გმირის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ ბაზაზე ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 7 სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი, პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი. დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 7 ჰოსპიტალიდან უკვე გამოწერეს, ორი კი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში დღეს გამთენიისას ჩამოასვენეს.