შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორის რაიონის სოფელ ატენში, ნუგზარ ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შენახული „გეკო“–ს ტიპის მცირკალიბრიანი შაშხანა, „ა-კა-ემ“-ის სისტემის ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, „საიგა“-ს ტიპის სანადირო თოფი 2 მჭიდითა და 10 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ „საიგა“-ს ტიპის სანადირო თოფი ნუგზარ ა-ს ვაჟის სახელზეა რეგისტრირებული.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).