შსს–მ ახალციხეში ნარკორეალიზატორი და ორი მომხმარებელი დააკავა

შსს–მ ახალციხეში ნარკორეალიზატორი და ორი მომხმარებელი დააკავა

შსს–ს ახალციხის რაიონული სამმართველოს და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ზურაბ გ, 1988 წელს დაბადებული ალექსანდრე ს. და 1971 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ზურაბ გ. და ალექსანდრე ს. ახალციხეში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. ალექსანდრე ს–ს პირადი ჩხრეკისას 0,0472 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ ამოიღეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას ორივე ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა ნარკოტიკული საშუალება თეიმურაზ ხ–სგან შეიძინეს, რომელიც სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს.

გამოძიება ზურაბ გ–ს და ალექსანდრე ს–ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), ხოლო თეიმურაზ ხ–ს მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).